Страница 34
23 июня 2026, 10:46წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა.
არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა;
იტყვის: “მოგშორდი, სიცრუვე, ვა, საწუთროსა კრულისა!
შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.
“რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირთა სამს ალებისა?
რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა?
არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა,
შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.
ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა,
წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა,
დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა,
ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა.
სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი,
ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი.
ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი.
მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, დაყმუნვებულნი.
მუნ ქარავანი ურიცხვი იდგა მის ზღვისა კიდესა.
შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა.
ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა,
ჰკითხა, თუ: “ვინ ხართ ვაჭარნო?” - მათ საუბარი ჰკიდესა.
უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.
მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი.
ჰკადრეს: “ხმელთა სინათლეო, შენ ამოხვე ჩვენი მლხენი,
ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.
გარდახდა. ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი,
მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისვმან მაჭარნი,
ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი,
საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.
“ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე,
ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე;
ვჰკითხეთ, თუ: «ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე?»
გვითხრა: «თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!»
“თქვა: «ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა,
ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა,
მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისის წვერითა;
ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!»
“ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა,
დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა;
შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა,
ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა”.
ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად ცთების!
რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების;
მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების,
ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების”.
მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა,
თქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა,
აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა”.
შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.
სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა.
მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა.
გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,
მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.
კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;
შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა;
ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა,
ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს ა.
“უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;
განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;
ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, -
ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.
“თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი!
Пока нет комментариев. Авторизуйтесь, чтобы оставить свой отзыв первым!