Страница 47
23 июня 2026, 10:45გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა;
შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა,
ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.
ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,
მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი;
იტყვის: “ღმერთო, რა გმსახურო, განმინათლდა რათგან ბნელი!
ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი”.
ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:
“ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,
აწ ეგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,
მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვარ არ-დამზრალი”.
ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა.
ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა;
უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა,
პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდეს ვითა ხიდსა.
მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა;
ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ-დანადები ფასისა,
იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა,
კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.
ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა,
იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა.
დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა,
მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.
ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი:
ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი,
თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი,
მოახსენეს: “მადლი რა ვთქვათ, სვიანმცაა დავლა თქვენი!”
ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა:
“დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა,
მერმე, აგვავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღვენითა,
ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა”.
ზღვათა მეფე მოახსენებს: “ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ-მჭვრეტელთა შორით მკვლელო,
მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო!
რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!”
ტარიელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია;
დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია;
აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.
ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა:
“მე, მეფეო, ნახვა თქვენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;
რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა.
ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!”
ზღვათა მეფესა ეტყოდეს სამნივე შუქთა მაფენი,
კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი:
“უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი, ნა-ჩანგ-დაფენი,
მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.
“შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი საესავიო,
მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო”.
მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო,
რათგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!”
მეფემან ნავი-ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა.
გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა.
თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა,
ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.
გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა,
კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა;
ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უიცართა,
ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.
მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად,
კვლა ფრიდონის თავადთასა - ნაომართა მათთა მთხრობლად:
“მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად,
ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქმნებით დაუზრობლად.”
Пока нет комментариев. Авторизуйтесь, чтобы оставить свой отзыв первым!