Страница 24

23 июня 2026, 10:46

სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად;

იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად;

მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად!

ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

“ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია,

დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია,

დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია.

აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”

ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს,

გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით, მიხრის ტანსა, მიაწარებს.

საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს,

ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების,

მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების;

ვით მწვანილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების,

ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

“გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,

გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,

გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,

ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!”

რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი,

მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი,

მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი,

პირსა დაიდვნა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი.

ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი.

ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი;

მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა!

ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა,

მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა;

მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი,

შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი;

დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი,

ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!

ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა;

ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა.

ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა,

უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა.

ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა.

მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა.

ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა!

რაც ა აჯა დათმობისა, გულმან ვისმცა მოუსმინა!

წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო?

მოგშორდი, ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო,

შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,

ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა;

კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.

არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?

თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”.

კვლა იტყვის: “გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება,

სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება,

მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება,

ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი

რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე;

იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!”

დათმობასა ეაჯების გულსა: “შენ რა მოუგვარე!”

ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული,

ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!”

Пока нет комментариев. Авторизуйтесь, чтобы оставить свой отзыв первым!