Страница 25

23 июня 2026, 10:46

“თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ!

რად გაგიშვან, რად მოტყუვდენ, ანუ მზესა რად მოჰშორდენ?

შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ.

ეგე აგრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ხამს, თუ დანა გულსა ვიცი;

ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი,

ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი,

თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

“მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!

აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს,

ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს;

ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

“მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან!

აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლნი მდიან.

სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან;

ჭირნი, მისგან უნახავნი, კაცსა ვისმცა გარდუხდიან!

“აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს?

რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს, გაცვილდეს, არ გატინდეს;

ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს,

მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

“არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად;

ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად.

ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად;

თქვი: რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!”

ვაზირმან თქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების,

ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების;

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

ვიტყვი: მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების”.

რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა.

მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა.

შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა,

დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით, დაყმუნვებული,

უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?”

მან ჰკადრა: “არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული,

მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას ამბავი გაკვირვებული.

“ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს და არცა სდიდობს;

მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული ვერ დაჰრიდობს.

აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს,

უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს”.

რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა,

კვლა მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა,

თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!

მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა”.

რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა,

ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა;

შეუზახნა: “რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა!

ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

“ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად.

მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად!

შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად!

აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად!

“ხამსა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს,

ოდენ სიტყვა უეცრული უალაგოდ დაიყბედნეს?!

მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!

შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!”

კვლა უბრძანა: “თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი,

თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!

წა, უკუდეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!

შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა;

დააცთუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა:

“ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!”

Пока нет комментариев. Авторизуйтесь, чтобы оставить свой отзыв первым!