Страница 32

23 июня 2026, 10:46

კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა ვითა თმასა.

“მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,

მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვლდები, ზოგჯერ

ვწვლდები;

მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები,

მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

“აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:

მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,

მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან.

მას გააგონენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან”.

აწ გულსა ეტყვის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია,

რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია;

მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია,

მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

“თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, - სიცოცხლისა იტყვის თუსა, -

ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”.

მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა,

მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,

მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,

ისმენდიან, გაკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;

იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.

მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი:

კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი,

ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი,

რუსნი, სპანი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.

მისლვა ავთანდილისაგან ფრიდონისას

ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა;

შორით ნახნა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა;

მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისა გნუკევ თქმასა,

ეს სამეფო ვისი არის, ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?”

მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა,

გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა;

აქამდის მზღვარი თურქთაა, მომზღვრეა ფრიდონ მზღვრებითა;

ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

“ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა,

მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა;

ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა,

იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა”.

ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე;

მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე,

რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?”

მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს ზღვისა კიდე.

მოახსენეს: “ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი,

მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ხრმალი;

აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი;

ვა, რად დაგვწვენ უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!”

ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი,

ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი!

თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით, არ საპყრულნი!

ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი”.

კაცნი წავიდეს; დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა,

ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა;

მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა,

ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

ვინცა გზას ნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან,

მოვიდოდიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან,

ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან,

გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა;

მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა,

ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა,

Пока нет комментариев. Авторизуйтесь, чтобы оставить свой отзыв первым!