Страница 31

23 июня 2026, 10:46

რაცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

“თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;

ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად,

მოვახსენე: «რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,

ვერას ირგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?»

“მან მიბრძანა: «მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,

შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად».

მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად,

აწ შევიქცე, რა ვუამბო? - «რად მოხველო ჯაბან-ხრდლურად?»

“მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:

მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;

ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.

შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

“სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,

გწადდეს - გულითა ბრძენითა, გწადდეს - ცნობითა შმაგითა;

მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,

ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

“ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა

აქა ქვაბსავ მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;

ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა;

ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.

“ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსავ არ მოვიდე,

ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვდი კიდე;

ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე,

მაშინ გწადდეს - იხარებდი, გწადდეს - ჭმუნვა გაადიდე.

“აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი!

მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;

არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი,

არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი”.

მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს,

არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს;

თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,

ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

“რა დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა;

ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა;

შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომც გინდა ხელობა,

უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!”

საუბარი გარდაწყვიდეს, დააპირეს ესე პირი;

ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი;

შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი,

ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.

ლექსთა მკითხველნო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!

გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!

მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია,

ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია!

დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს.

ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;

სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,

მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი,

ასმათ ტირს, მოთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი!

მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი,

ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვა სიცოცხლისა თმენანი!”

მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს,

ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,

არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს,

ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.

ტარიელს ეტყვის ავთანდილ: “რუ გახმა ცრემლთა დენისა!

რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა?

მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა,

აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა”.

ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა,

მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა:

Пока нет комментариев. Авторизуйтесь, чтобы оставить свой отзыв первым!