Страница 30
23 июня 2026, 10:46დაჰმორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი;
ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:
კბილნი - ვითა მარგალიტნი, ბაგე - ვარდი ნაპობარი.
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,
მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;
არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?
“არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.
ბედი, ცდა და... გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გვხვდების”.
მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, -
გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს, -
მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს!
შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?!
“ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,
მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების;
რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,
თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების!”
მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა
“რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,
მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;
შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,
ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.
“იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს;
ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს,
ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,
მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.
“ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნი მოვიდეს ერთგან რებულნი, -
სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსეს დებულნი, -
შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი,
ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.
“პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს;
გამოჰრიდა ვეფხმან გული, - დედათამცა გამოჰრიდნეს! -
ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.
ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: «არა ხარ ცნობასა,
შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!»
ხრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა,
თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა.
“ხრმალი გავტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა;
მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;
მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა,
ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.
რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,
გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;
მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა ვჰღვრიდე!
“აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;
სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა!
სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”.
ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქნა, ა-ცა-ტირდა.
ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა;
უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და!
ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;
თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.
“სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს,
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.
ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს;
Пока нет комментариев. Авторизуйтесь, чтобы оставить свой отзыв первым!