Страница 29
23 июня 2026, 10:46მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული.
მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.
თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა,
მიახლებოდა სიკვდილსა, მოჰშორვებოდა თმობასა.
ყმა სახელ-დებით უყივის, ჰლამის სიტყვითა კრთობასა,
ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!
ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,
ახლოს უზის და უზახის მართ სახელ-დებით სახელსა;
ეტყვის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?”
მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.
ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.
ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტად-რე მოაცნობილა.
მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.
ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა!
უთხრა: “ძმაო, არ გიტყუვე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;
აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.
მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე”.
ყმამან უთხრა: “რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?
ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?
ვის უქმნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?
რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?
“თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ,
მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ?
ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ,
თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?
ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?
ვის არ უნახავს პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
“ვარდსა ჰკითხეს: «ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?»
მან თქვა: «ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად;
ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად».
“რათგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო,
მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?
უბოროტო ვის ასმია რაცა საქმე საეშმაკო,
რად ემდურვი საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?!
“ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,
ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა,
რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა,
ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა”.
მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალ-მიც ენისა,
ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა;
რა ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა!
აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.
“ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით:
აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით,
მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ, კვლა რამე გავიხარენით,
მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!
“საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს!
მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ კერძ იროს,
მივეგებვი, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს.
ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს!
“მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:
სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;
არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?
დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევჰრთვივარ სულთა სირასა.
“რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად,
Пока нет комментариев. Авторизуйтесь, чтобы оставить свой отзыв первым!