Страница 50

23 июня 2026, 10:45

წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა,

მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

მეფე ადგა, მოეგება; ყმა გარდახდა, რა მივიდა;

ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა.

მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა,

მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა?!

მეფე კოცნასა ლამოდა, აღარა ცრემლნი სდენიან;

ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან;

უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან;

რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!”

მოეხვია, გარდუკოცნა მან პირისა არე-მარე:

“დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე მარე;

ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემა-რე,

გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე მარე”.

მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა,

ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა;

იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირსა.

მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ!

რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ?

მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ,

შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს,

მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს,

მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს,

ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან.

დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან;

გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან,

დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.

ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!

შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,

მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,

თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.

გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა;

ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა;

სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა,

მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა.

შესხდეს, წავიდეს ყველანი შინა თავისა მარებად,

ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად,

არ მიიხვდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად,

ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა;

სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა,

მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა;

შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.

ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს,

მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს,

იგი სახლი განანათლეს, არ ნათელი შეაღამეს,

ბროლ-ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა,

ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა,

დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა,

მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა”.

ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა,

გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა;

უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა,

ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა ნუცა თუ რამინს და ვისსა.

ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა,

ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა.

მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა,

ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ-წახდომა”.

“აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა,

სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა!

ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა!

Пока нет комментариев. Авторизуйтесь, чтобы оставить свой отзыв первым!