Страница 51

23 июня 2026, 10:45

ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად,

შესთვალა: “შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად,

მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.

“უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.

ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან;

წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან,

ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან”.

როსტევან ჰკადრა: “მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა?

რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,

ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა,

თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა”.

ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები.

მან უთხრა: “აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები,

ახლად შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?”

ავთანდილ უთხრა: “მაგითა შენგან არ მოვიღორები.

“არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად!

«ცოლი უყვარსო, გამწირა», იყო ამისად მსახავად;

მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად?

კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!”

ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა;

უბრძანა: “ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა;

რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა”.

ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევასა.

შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია,

კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია.

კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია.

არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ-ჭმულია.

ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი,

ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი,

მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი,

ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულნიმცა ესხნეს წდობილნი.

მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა,

ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა;

არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,

მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა.

მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან,

იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან,

ვარდსა სწებენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან.

მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

ნესტან-დარეჯან თქვა: “ნეტამც ყოლა არ შემოგცნებოდი,

მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი.

ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი,

ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრე შენ ჩემთვის ჰბნდებოდი”.

თინათინ უთხრა: “ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო,

რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო!

ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო,

აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!”

კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი;

ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი;

იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი.

რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების,

ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების,

ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების;

ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით;

იტყვის, თუ: “თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით;

რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით,

შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით”.

ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე;

სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე:

“მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე”.

უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!”

გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა

ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა,

კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,

Пока нет комментариев. Авторизуйтесь, чтобы оставить свой отзыв первым!