Страница 52
23 июня 2026, 10:45მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი აღარ შენია,
ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია”.
კვლა უბრძანებდეს: “გვიამბეთ ამბავი დანარჩომია”.
მათ მოახსენეს: “პატრონო, ინდოეთს დიდი ომია,
მოსულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია,
რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.
“ჯერთ დედოფალი ცოცხალ ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია;
იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია;
გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია;
მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!
“მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა, ჩვენცა, შავი;
რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი;
მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი,
გამოგვიშვა, წამოვედით, არა გვიყო ყოლა ავი”.
რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა,
ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა;
დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა,
აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!
ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია;
აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია.
ტარიელ ბრძანა: “მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია?
ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!
“იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი;
ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი”.
ავთანდილ ჰკადრა: “რად უნდან თქმანი სიტყვათა მძლეთანი?
მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიჰხვდენ ფერხითა ცვეთანი”.
დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს,
ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს,
ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს,
იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.
წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს;
ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს,
მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს,
აიზიდნეს; “ვისნი ხართო?” - ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.
მათ მოახსენეს: “ტურფაო, ჩვენ - ცუდად დაღორებულნი,
რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი”.
უბრძანა: “წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი,
აცნობეთ თქვენსა პატრონსა: «მოვლენ გულითა ქებულნი».
“უთხარით: «ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია,
იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია:
ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია,
შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!
«დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო!
ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო?
აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო,
ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.
«აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან;
შემები, რამაზ დააწყევ, პირველვე გამიცხადიან;
პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან?!
მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან».“
დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს.
რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს:
“მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს,
ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!”
ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია,
დროშა არაბთა მეფისა მასთანა შენატყუბია;
არაბთა იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია;
ფრიდონ - მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია.
ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი;
შეტევებასა ჰლამოდეს ყმანი არაბთა თანანი;
ტარიელ ეტყვის: “ნუ იქმთო”, მისცა სიტყვისა ნანანი;
მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი.
ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა,
მოახსენა: “შემიბრალე, მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა!
ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა!
Пока нет комментариев. Авторизуйтесь, чтобы оставить свой отзыв первым!