Страница 53
23 июня 2026, 10:45დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად,
უბრძანებდა: “რად ვინ სტირთო, - ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, -
ღმერთმან რისხვა მოაქცია წყლობისა გამოსახვად,
გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად”.
ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან;
იტყვის, თუ: “ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან;
დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან,
თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან”.
ქალმან დედასა შესტირნა: “ჰაი მე, რა ვქმნა, დედაო!
წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო,
მამამან ტახტი დაცალა, აღარსადა ზის ზედაო!”
დედამან ცრემლნი მოსწურნა: “ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო”.
გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები,
ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები,
ნესტანჯარს ეტყვის: “რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები?
ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ ერთხელები”.
რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად,
დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად;
იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად,
აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.
ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება;
ტარიელ თქვა: “დედოფალო, გჭირს ამათი არა-მცნება,
ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება,
ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება”.
ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მათსა;
ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა:
“ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა,
ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა”.
უბრძანა: “გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო,
დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო;
ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო,
იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო”.
ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა,
ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,
მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა,
გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.
დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,
დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,
ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა,
ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა”.
ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი
ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი;
გონება და ანუ ენა გმოთქმიდა ვითა ვისი!
ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!
ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი -
შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.
მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,
ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.
თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს;
ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს;
მისცა კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს.
“ესეაო მეფე ჩვენი”, - იზახდიან, ამას ხმობდეს.
ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს, -
ზედა დასხდეს ხელმწიფურად, - დიდებანი უდიადნეს;
ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს!
ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.
სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;
ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.
მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს,
გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.
დედოფალმან ეგრე ბრძანა: “ობოლ-ქვრივნი მოასხენით,
ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით”;
თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის კაცთა ენით:
“ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შეჰვედრენით”.
Пока нет комментариев. Авторизуйтесь, чтобы оставить свой отзыв первым!